„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ღონისძიება „100 წიგნი საჩუქრად“ გაიმართება
საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, 21 სექტემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკაში (ჭავჭავაძის #24) გაიმართება ღონისძიება „100 წიგნი საჩუქრად“.
„გერმანიის საელჩოსთან და გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობას მორიგი სახალხო აქტივობით ვაგრძელებთ. აკაკი წერეთლის სახელობის ახლად რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკაში მიმდინარე, საუკეთესო გერმანულენოვანი გამოცემების გამოფენის პარალელურად, თბილისის მცხოვრებლებს ვაძლევთ საშუალებას, არა მხოლოდ მხატვრულ კითხვაში მოსინჯონ ძალები, არამედ საჩუქრად წიგნებიც მიიღონ“, – აცხადებს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
ბიბლიოთეკის შესასვლელთან მდგარ წიგნების თაროებზე გერმანული ლიტერატურის 100 ქართული თარგმანი განთავსდება. წიგნები ისე იქნება დალაგებული, რომ არ ჩანდეს მათი ყდა და სახელწოდება. აქტივობაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ იმ პირობით, რომ შემთხვევითობის პრინციპით არჩეული წიგნიდან, 2-3 წუთის განმავლობაში, სახალხოდ წაიკითხავს ნებისმიერ მონაკვეთს, რის შემდეგაც არჩეული წიგნი საჩუქრად გადაეცემა.
ღონისძიების მოდერატორია მწერალი და მთარგმნელი დათო გაბუნია.
თაროზე განთავსებული იქნება „სულაკაურის გამომცემლობის, „ინტელექტის“, „ქარჩხაძის გამომცემლობის“, „მელანის“, „დიოგენეს“, „წიგნები ბათუმში“-ს და „პალიტრა L-ის“ გამოცემები.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.
ინფორმაცია თბილისის მერიამ გაავრცელა.