„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო კვირეული გაიმართება
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კვირეული ჩატარდება. 17 ნოემბერს, 18:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზუმის ორგანიზებით, ახალი ექსპოზიცია გაიხსნება, ხოლო 20 ნოემბერს საიუბილეო საღამო გაიმართება.
გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის საიუბილეო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოეტის ფოტოები, ლექსების ავტოგრაფები, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, ნაწყვეტები დღიურიდან, პირადი წერილები, განცხადებები, ნახატები, მემორიალური ნივთები, აფიშები, მინაწერიანი წიგნები და ჟურნალ-გაზეთები. ექსპონატთა შორის იქნება მოსე თოიძის, გრიგოლ მესხის, ირაკლი თოიძის, თეოდორე ჩუდეცკის, ლევან ცუცქირიძის, მამია მალაზონიასა და გიგლა ფირცხალავას მიერ შესრულებული პორტრეტები, ლექსების ილუსტრაციები და კარიკატურები. ასევე, იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი გალაკტიონის ბიუსტი.
ექსპოზიცია გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ქრონოლოგიურად ასახავს: ბავშვობას, სტუდენტობას, პირველი წიგნის გამოცემას, პოეტების მეფედ არჩევას და სხვა. ასევე, მასალას მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის (ამჟამად, პოეტის სახლ-მუზეუმი) შესახებ, აფხაზეთში, ჩარგალში, მესხეთ-ჯავახეთსა და ვანში მოგზაურობასა და გარდაცვალებაზე.
გამოფენის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება გალაკტიონ ტაბიძის პირადი და საჯარო ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა.
20 ნოემბერს, 19:00 საათიდან გუდიაშვილის მოედანზე საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელიც სტუმრებს გალაკტიონის შემოქმედებას, როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის შთაგონების წყაროს, გააცნობს.
საღამოს წამყვანები იქნებიან ვახტანგ ჯავახაძე, ნინო კასრაძე, ლაშა ბაქრაძე და ნესტან ნენე კვინიკაძე. ისინი მოგვითხრობენ გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან და უცნობ დეტალებზე, მოგონებებზე, და წაიკითხავენ ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან.
სცენა, გალაკტიონის საარქივო ფოტომასალის ინსპირაციით, მხატვარ გიორგი ჯინჭარაძის მიერ შექმნილი ილუსტრაციებით გაფორმდება.
საღამოს რეჟისორია დავით საყვარელიძე, მუსიკოსები: დავით ევგენიძე, ეკო დეისაძე, ანუშკა ჩხეიძე, სანდრო ბიბიჩა კვაჭაძე და ცოტნე ზედგინიძე.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.