„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ აცხადებს კონკურსს მწერლებისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ აცხადებს კონკურსს მწერლებისთვის სტიპენდიის მოსაპოვებლად. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სტიპენდია განკუთვნილია თანამედროვე ქართველი ავტორების ხელშესაწყობად.
„ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსები მთარგმნელებისა და გამომცემლებისთვის, მესამე კონკურსი კი მწერლებისთვისაა განკუთვნილი. მოხარული ვარ, რომ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ქართულენოვან ავტორებს ახალი ნაწარმოებების შექმნისა და გამოცემის საშუალებას ვაძლევთ. პანდემიამ ბევრი სფერო დააზარალა. ხელშესახები პრობლემები შეუქმნა მწერლებს, მთარგმნელებსა და გამომცემლებს. ამიტომ ჩვენ მიერ დაწესებული სტიპენდიები, ვფიქრობთ, დროული და საჭიროა“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.
კონკურსს არ აქვს დადგენილი პრიორიტეტული ჟანრები და შეირჩევა როგორც მხატვრული, ისე არამხატვრული ნაწარმოებებიც. აუცილებელი პირობაა, რომ ნაწარმოები, ან მისი ნაწილი, არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ელექტრონულ მისამართზე [email protected] უნდა გაგზავნონ: სამოტივაციო წერილი, ნაწარმოების სინოფსისი, ნაწყვეტი ტექსტიდან (არანაკლებ 10-15 გვერდისა), ავტორის ბიოგრაფია (არსებობის შემთხვევაში, გამოქვეყნებული ნაწარმოებების მითითებით). თითოეულ განმცხადებელს, შეუძლია, არა უმეტეს, სამი განაცხადის შემოტანა.
განაცხადების მიღება დასრულდება 21 ივნისს, სარედაქციო კომისია, ხუთ გამარჯვებულს, 30 ივნისს გამოავლენს. გამარჯვებულმა ავტორმა 2021 წლის 20 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინოს კონტრაქტი საქართველოში მოქმედ გამომცემლობასთან და დასრულებული ტექსტი, ელექტრონული ან ბეჭდური სახით.
სტიპენდიის თანხა შეადგენს 4 000 ლარს.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.