ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული მ.ხ. ზუგდიდში დააკავეს. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა – დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ხ. მძღოლის ერთ-ერთი თანმხლები პირია, რომელმაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და სხვა პირებთან ერთად მიიმალა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, აღნიშნულ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კიდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.