„თბილისი პრაიდის“ დირექტორი - „ოცნების“ მხარდამჭერებო, ვინმე თუ დამრჩით მეგობრებში, საკუთარი თავი წაიშალეთ და ქუჩაშიც მომერიდეთ, ჩემთვის აღარ არსებობთ
ივანიშვილს ვინც დაუჭირა მხარი, ყველამ ხელი მოაწერა პირადად ჩემი და ასიათასობით ადამიანის ამ ქვეყნიდან განდევნას, ქვეყნის დასავლეთისგან იზოლაციასა და უპერსპექტივო მომავალს, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ დირექტორი თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც თამარ ჯაყელი აღნიშნავს, აქამდე „ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ კონსტრუქციული იყო და ცდილობდა, მათთვის ეჩვენებინა დღევანდელი მთავრობის ანტიჰუმანური პოლიტიკა და პრორუსულობა, თუმცა უკვე მათთან არანაირი გადაკვეთა აღარ ექნება.
„აქამდე ყოველთვის კონსტრუქციული, დიპლომატიური, ემპათიური ვიყავი, მათ შორის „ოცნების“ მხარდამჭერებთან. ვცდილობდი, მეჩვენებინა მათთვის ამ მთავრობის ანტიჰუმანური პოლიტიკა, პრორუსულობა, კორუფცია… აწი წითელ ხაზებს ვავლებ და ჩემს სივრცეში – ონლაინ და ფიზიკურ – აღარ მექნება „ოცნების“ მხარდამჭერებთან გადაკვეთა. აღარ მაინტერესებს თეორიები პოლარიზაციის შესახებ, აღარ მაინტერესებს აღარაფერი: ვინც ივანიშვილს დაუჭირა მხარი, იდეურად, გამორჩენის მიზნით თუ უმეცრებით, ყველამ პირადად ჩემი და ასიათასობით ადამიანის ამ ქვეყნიდან განდევნას, ქვეყნის დასავლეთისგან იზოლაციასა და უპერსპექტივო, ღატაკ, მონურ მომავალს მოაწერა ხელი. „ოცნების“ მხარდამჭერებო, ვინმე თუ დამრჩით მეგობრებში, საკუთარი თავი წაიშალეთ და ქუჩაშიც მომერიდეთ. ჩემთვის აღარ არსებობთ“, – წერს თამარ ჯაყელი.