თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის წევრი გახდა
თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის – Délice Network-ის წევრი გახდა,- ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, Délice Network წარმოადგენს ქსელს, რომელიც წევრ ქალაქებში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.
მერიის ინფორმაციით, Délice Network აერთიანებს ისეთ ქალაქებს, რომელთათვისაც გასტრონომია და გასტროტურიზმი ეკონომიკის განვითარებისა და ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
„ქსელის მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების განხორციელებით, ქალაქებს დაეხმაროს – გასტრონომიული ბრენდი ჩამოაყალიბონ. ასევე, ხელი შეუწყოს ურბანული ეკონომიკის განვითარებასა და ქალაქების ტურისტულ პოპულარიზაციას.
ქსელის წევრ ქალაქებს შეუძლიათ, საკუთარი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ცოდნის გაღრმავება და სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სხვა. ქსელის წევრობის ფარგლებში, თბილისს საშუალება ექნება, გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროექტი განახორციელოს.
„თბილისის მიერ წარდგენილ განაცხადს Délice Network-ის წევრი ქალაქები აღფრთოვანებით შეხვდნენ. ისეთი ქალაქები, როგორებიცაა: ჰონგ კონგი, ბუენოს აირესი, გოტენბურგი, ბორდო, რიგა, კობი და მონრეალი განსაკუთრებით აღნიშნავენ თბილისის უნიკალურ გასტრონომიულ კულტურას და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აღნიშნული მიმართულების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. თბილისი კავკასიის რეგიონიდან პირველი ქალაქია, რომელიც ორგანიზაციის წევრი გახდა და დარწმუნებული ვართ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, – ნათქვამია Délice Network-ის ოფიციალურ განცხადებაში.
თბილისის მერიის მიერ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, გასტრონომიისა და გასტროტურიზმის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება და სასწავლო ღონისძიებების ჩატარებაა დაგეგმილი, რაც აღნიშნული მიმართულების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობას მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.