თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალის რეპეტიცია გაიმართა [ვიდეო]

საქართველოს თავდაცვის ძალები დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება. თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალის რეპეტიცია გაიმართა.

მოსამზადებელ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე ხელმძღვანელობდა.

დამოუკიდებლობის დღეს მთავარი ღონისძიება ფიცის დადების ცერემონია იქნება. საწყისი საბრძოლო მომზადების 288 რეკრუტი სამშობლოსა და ერის წინაშე ფიცს თავისუფლების მოედანზე დადებს. თბილისის გარდა, 26 მაისს 175 რეკრუტი ფიცს ქვეყნის მასშტაბით ხუთ ლოკაციაზე დადებს: ზუგდიდში, მრავალძალში, უფლისციხეში, ანანურსა და გრემში.

ფიცის დადების საზეიმო ცერემონიაში, ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ:

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, სპეციალური ოპერაციების ძალები, ეროვნული გვარდია, აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალები (NRF), ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მონაწილე დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია, დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი.

თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებაც იქნება წარმოდგენილი. თბილისის გარდა, სამხედრო ტექნიკა საქართველოს 12 ქალაქში გამოიფინება: თელავი, მარნეული, რუსთავი, მცხეთა, გორი, ახალქალაქი, ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი, სენაკი.