„თავისუფალი საქართველო” არც „ევროპულ საქართველოსთან” კონსულტაციებში ჩართვას გეგმავს და არც „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას
პარტია „თავისუფალი საქართველო” ,,ევროპულ საქართველოსთან” კონსულტაციებში ჩართვას არ გეგმავს და არც ,,ქართულ ოცნებასთან” კოალიციის შექმნას ფიქრობს, – პარტიის ლიდერი კახა კუკავა დღეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეთავაზებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ,,ევროპულ საქართველოსთან” საქმეს ვერ დაიჭერს, რადგან მისთვის ეს პარტია აქციების დარბევასა და კრიმინალთან ასოცირდება.
რაც შეეხება ,,ოცნებასთან” თანამშრომლობას, „თავისუფალ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ გარკვეულ საკითხებზე შესაძლოა, მათთან მოლაპარაკებები აწარმოონ, მაგალითად, საარჩევნო სისტემაზე, თუმცა კოალიციურ თანამშრომლობას გამორიცხავენ.
,,2020 წლის არჩევნების შემდეგ, პარტია ,,ევროპული საქართველო” წარმომიდგენია გლდანის ციხეში. მიმაჩნია, რომ ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, პარტია, რომელიც პასუხისმგებელია ათეულობით ადამიანის მკვლელობაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, დამოუკიდებელი ოპოზიციური არხების დარბევაზე, საქართველოს ტერიტორიის ჩაბარებაზე რუსეთისათვის, პატიმრების წამებაზე. მე არ მიმაჩნია, რომ ეს ორგანიზაცია უნდა იყოს პოლიტიკური ორგანიზაცია და ჩვენ მათ შემოთავაზებებს ვუპასუხოთ. მათი ადგილი არის ციხეში და თუ 2020 წელს გვექნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, უგულავას თამადობით ამ პარტიის ხელმძღვანელობა გადაინაცვლებს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – განაცხადა კახა კუკავამ.
მისი თქმით, „თავისუფალი საქართველო“ კოალიციის შექმნაზე საკუთარი ხედვა აქამდეც ჰქონდა განცხადებული.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა”, ასევე ,,ქართული ოცნება” არის ზედმეტი საქართველოსა და პარლამენტისთვის. გვექნება თუ არა არაქოც და არანაც პოლიტიკურ პარტიებთან კოალიციის შექმნის საშუალება, ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მე თუ ხუთი დეპუტატი ავიღე, რა თქმა უნდა, ახალი მთავრობა არ იქნება ჩვენი გადასაწყვეტი. თუ ხალხისგან გვექნა მეტი მხარდაჭერა და ისევ არც ნაცებს და არც ქოცებს არ მიეცათ მთელი ხმები, ჩვენ შევძლებთ, ჩამოვაყალიბოთ ეროვნულ-კონსერვატიული მთავრობა, სადაც არც „ნაცების“ ადგილი იქნება და არც „ქოცების“, – განაცხადა კახა კუკავამ.
პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა დღეს გიგი უგულავამ.