თავისუფალი ჭიდაობა - მაჭარაშვილმაც მოიგო, სამი ქართველი მეოთხედფინალში | მინსკი 2019 [ვიდეო]
მეორე ევროპულ თამაშებზე წარმატებული სტარტი აიღო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანმა წევრმა – გივი მაჭარაშვილმა. 23-წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ფალავანმა პირველ შეხვედრაში ფინელი იერე ჰეინო ვადამდე დაამარცხა. მაჭარაშვილმა სკანდინავიელ მეტოქეს ჯერ ოთხქულიანი, შემდეგ კი ორქულიანი გდება შეუსრულა და პირველი სეტი დიდი უპირატესობით 6:0 მოიგო. მეტოქის დაჩაგვრა 22 წლის ქართველმა გოლიათმა მეორე სეტშიც გააგრძელა და ორ წუთში თავისი ქულების მონაგარი ათამდე გაზარდა, რითაც ვადამდელი გამარჯვება გაიფორმა. მეოთხედფინალში მაჭარაშვილის მეტოქე რუმინელი ბარეს ჩინტოანი იქნება.
შეგახსნებთ რომ ასევე მეოთხედფინალში არიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) პირველმა მათგანმა მერვედფინალში შვეიცარიელ შტეფან რაიხმუტს სძლია და ახლა აზერბაიჯანელ გოსტიევს შეხვდება. ტურნირში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ერთვება კენჭაძე, რომელიც რუსეთის ნაკრების წევრ ზაურბეკ საიდოვს შეხვდება.
დღესვე 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მერვედფინალში დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა ლაშა ლომთაძე. რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დარჩენილ ორ წევრს ისინი მინსკის „სპორტის სასახლის“ არენაზე ხვალ გავლენ. 26 ივნისს კვარცხლბეკზე ასასვლელად ბრძოლას ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი, ასევე პირველი ევროპული თამაშების ფინალისტი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) დაიწყებენ.