ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - რევაზ ნადარეიშვილი უმედლოდ დარჩა | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ნადარეიშვილი, მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის პრიზიორი 27 წლის ქართველი, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, რუს ალექსანდრ გოლოვინს შეხვდა. პირველი პერიოდი ნადარეიშვილმა 0:5 წააგო, მეორეში კი მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

დღესვე, ქართველ მოჭიდავეთაგან პირველი და ერთადერთი ოქროს აღებას იაკობ ქაჯაია შეეცდება. ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორმა მძიმეწონოსანმა ქაჯაიამ, ფინალამდე ყველა მეტოქე აშკარად დაჯაბნა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ჭიდაობის ტურნირის ქართული ჰიმნით დასასრულებლად, მასპინძელთა ფალავანის – კირილ ჰრიშჩანკას დამარცხება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ბექა როყვას გუნდის წევრებმა მინსკში, უკვე ორი მედლის აღება მოახერხეს. გუშინ, 29 ივნისს, ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა ბოლქვაძემ, 67 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, რუსეთის წარმომადგენელ ზაურ კაბალოევს პირველი პერიოდი 1:0 მოუგო. სამწუხაროდ შეხვედრის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორმა რუსმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, შემდეგი კი ორი ქულით დაწინაურებაც მოახერხა და 24 წლის ქართველი საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. მანამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი უმსუბუქესი წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა მოუტანა. დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ.) „მცირე ფინალში“ 0:3 წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ მეორეში გათანაბრება შეძლო და ბოლოს აღებული ქულის გამო გამარჯვება და ბრინჯაოს მედალიც მას დარჩა.