ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - რევაზ ნადარეიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს | მინსკი 2019
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - რევაზ ნადარეიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს | მინსკი 2019

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ნადარეიშვილი მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის პრიზიორი ქართველი, დამამშვიდებელ რაუნდში ავსტრიის ნაკრების წევრ დანიელ გასტლს დაუპირისპირდა და პირველი პერიოდი – 1:0 მოიგო. მეორე ნახევარის დასაწყისში ავსტრიელმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო,მაგრამ რეზომ საპასუხო ქულა მალევე აიღო და საბოლოოდ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში 27 წლის ნადარეიშვილი რუს ალექსანდრ გოლოვინს შეხვდება. ეს ორთაბრძოლა თბილისის დროით 14:50-ზეა დაგეგმილი.

დღესვე, ქართველ მოჭიდავეთაგან პირველი და ერთადერთი ოქროს აღებას იაკობ ქაჯაია შეეცდება. ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორმა მძიმეწონოსანმა ქაჯაიამ, ფინალამდე ყველა მეტოქე აშკარად დაჯაბნა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ჭიდაობის ტურნირის ქართული ჰიმნით დასასრულებლად, მასპინძელთა ფალავანის – კირილ ჰრიშჩანკას დამარცხება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ბექა როყვას გუნდის წევრებმა მინსკში ორი მედლის აღება უკვე მოახერხეს. გუშინ, 29 ივნისს, ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა ბოლქვაძემ, 67 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, რუსეთის წარმომადგენელ ზაურ კაბალოევს პირველი პერიოდი 1:0 მოუგო. სამწუხაროდ შეხვედრის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორმა რუსმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, შემდეგი კი ორი ქულით დაწინაურებაც მოახერხა და 24 წლის ქართველი საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. მანამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი უმსუბუქესი წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა მოუტანა. დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ.) „მცირე ფინალში“ 0:3 წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ მეორეში გათანაბრება შეძლო და ბოლოს აღებული ქულის გამო გამარჯვება და ბრინჯაოს მედალიც მას დარჩა.

დატოვე კომენტარი