მეორე ევროპულ თამაშებზე, დღეს მინსკის „სპორტის სასახლის“ საჭიდაო ხალიჩა პირველებს დამამშვიდებელ რაუნდში მოასპარეზე სპორტსმენებს დაეთმოთ. გუშინდელი შედეგების შემდეგ, გიორგი იანტბელიძის გუნდიდან რეპეშაჟში მხოლოდ ლაშა ლომთაძე (57 კგ.) ჩაერთო, რომელმაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიც დაკარგა. ლაშა გუშინ სერბ სტევან მიჩიჩთან მერვედფინალში დამარცხდა. სერბი საბოლოოდ ფინალში გავიდა და ლომთაძეს კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ 28 წლის ქართველმა სპორტსმენმა, გამარჯვება ვერც თურქ სულეიმან ატლისთან შეძლო (0:6) ტურნირს მედლის გარეშე დაემშვიდობა.
დღესვე დარჩენილი ორი წონითი კატეგორიის წინასწარი შეხვედრები გაიმართება და საქართველოს ნაკრებიდან ტურნირში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე ჩაებმებიან. თანამედროვეობის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობას პირდაპირ მეოთხედფინალიდან დაიწყებს სადაც პირველ წრეში ასევე დასვენებულ მოლდოველს, ანდრეი პერპელიცას შეხვდება. ეს შეხვედრა თბილისის დროით 14:10-ზეა ჩანიშნული.
97 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე რაუნდიდან ჩერთვება ელიზბარ ოდიკაძე. მერვედფინალში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი ქართველი სპორტსმენის მეტოქე სომხეთის ნაკრების წევრი სარგის ჰოვსეპიანი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ბაქოში პირველ ევროპულ თამაშებზე აღებული ვერცხლის მედლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ბრძოლას, ელიზბარი აზერბაიჯანელი გაჯიევისა და პოლონელი ბარანის შორის მოგებულთან შეხვედრით გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპულ თამაშებზე მედლები ჭიდაობის ექვს წონით კატეგორიაში თამაშდება. ტურნირში უკვე ჩართული ოთხი სპორტსმენიდან ერთი ფინალშია, ერთი კი ბრინჯაოს მედლის აღებას შეეცდება. დღეს მინსკის „სპორტის სასახლეში“ 21:10-ზეა დაგეგმილი გივი მაჭარაშვილისა (125 კგ.) და რუსეთის ნაკრების წევრის, ანზორ ხიზრიევის ფინალური შეხვედრა. მანამდე კი 20:00 საათზე ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) მასპინძელთა წარმომადგენელ აზამატ ნურიკაუს ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდება.