თავისუფალი ჭიდაობა - ლაშა ლომთაძე მერვედფინალში დამარცხდა | მინსკი 2019
მინსიკის „სპორტის სასახლეში“ სტარტი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირმა აიღო. გიორგი იანტბელიძის გუნდიდიან დღეს შეჯიბრში ოთხი ფალავანი ჩაერთვება, რომელთაგანაც ხალიჩაზე პირველი უმსუბუქესი წონის წარმომადგენელი ლაშა ლომთაძე გავიდა.
57 კილოგრამი წონითი კატეგორიის ასპარეზობაში, ქართველი სპორტსმენი მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც სერბ სტევან მიჩიჩთან შეხვედრაში პირველი პერიოდი 2:1 მოიგო, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ 2:4 დამარცხდა.
ასევე მერვედფინალიდან დაიწყებენ ასპარეზობას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) და 23-წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (125 კგ.) მათი მეტოქეები შესაბამისად შვეიცარიელი შტეფან რაიხმუტი და ფინელი იერე ჰეინო იქნებიან.
რაც შეეხება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების კიდევ ერთ პრიზიორ ავთანდილ კენჭაძეს (74 კგ.), იგი პირველ წრეში ისვენებს, მეოთხედფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრს, ზაურბეკ სიდაკოვს შეხვდება.