მეორე ევროპულ თამაშებზე დღეს თავისუფალი ჭიდაობის ტურნირში დარჩენილი ორი წონითი კატეგორიის სპორტსმენები ჩაერთნენ. თავისი პირველი შეხვედრა ვადამდე, 4 წუთსა და 43 წამში დაასრულა ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ.). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა ოდიკაძემ, მერვედფინალში სომხეთის ნაკრების წევრი სარგის ჰოვსეპიანი აშკარა უპირატესობით დაამარცხა. ელიზბარმა შეხვედრის პირველი ნახევარი უკვე 10:2 მოიგო, მეორიეში კი ნაადრევი გამარჯვებისთვის საჭირო ათქულიანი უპირატესობის დაფიქსირებაც აღარ გასჭირვებია და მეოთხედფინალში გავიდა. მედლისკენ, რომელიც მისთვის ევროპულ თამაშებზე მეორე იქნება (ვერცხლი – ბაქო 2015) მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად ოდიკაძე აზერბაიჯანელ გაჯიევსა და პოლონელი ბარანს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
დღესვე ტურნირში თანამედროვეობის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩაერთვება, რომელიც 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობას პირდაპირ მეოთხედფინალიდან დაიწყებს. მისი მეტოქე პირველ წრეში ასევე დასვენებულ მოლდოველი, ანდრეი პერპელიცა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ევროპულ თამაშებზე მედლები ჭიდაობის ექვს წონით კატეგორიაში თამაშდება. ტურნირში უკვე ჩართული ოთხი სპორტსმენიდან ერთი ფინალშია, ერთი კი ბრინჯაოს მედლის აღებას შეეცდება. დღეს მინსკის „სპორტის სასახლეში“ 21:10-ზეა დაგეგმილი გივი მაჭარაშვილისა (125 კგ.) და რუსეთის ნაკრების წევრის, ანზორ ხიზრიევის ფინალური შეხვედრა. მანამდე კი 20:00 საათზეავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) მასპინძელთა წარმომადგენელ აზამატ ნურიკაუს ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდება.