თავისუფალი ჭიდაობა - ელიზბარ ოდიკაძე ევროპული თამაშების ორგზის პრიზიორია | მინსკი 2019 [ფოტო/ვიდეო]
მეორე ევროპული თამაშების 97 კილოგრამი წონითი კატეგორიის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ელიზბარ ოდიკაძემ უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე დაამარცხა და ბაქოში, პირველ თამაშებზე აღებულ ვერცხლს, მინსკში ბრინჯაო მიუმატა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი ოდიკაძე შეხვედრის სტარტზე ერთი ქულით დაწინაურდა და საბოლოოდ პირველი პერიოდი ანგარიშით 1:0 მოიგო. ორთაბრძოლის მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ ოთხი ქულა აართვა და ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა.
საბოლოოდ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ექვსი წევრისგან მინსკის სპორტის სასახლეში კვარცხლბეკზე ასვლა ოთხმა სპორტსმენმა მოახერხა. ოდიკაძემდე დღეს ვერცხლის მედალი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა აიღო. 26 ივნისს კი გივი მაჭარაშვილი (125 კგ.) ასევე ვერცხლის, ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისიდან ტურნირში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, სადაც საქართველოს ასევე ექვსი წარმომადგენელი ეყოლება.