თავისუფალი ჭიდაობა - დღეს ხინჩეგაშვილი და ოდიკაძე იწყებენ | მინსკი 2019
მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე დღეს დარჩენილი ორი წონითი კატეგორიის წინასწარი შეხვედრები გაიმართება. გიორგი იანტბელიძის გუნდიდან ტურნირში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე ჩაებმებიან.
თანამედროვეობის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობას პირდაპირ მეოთხედფინალიდან დაიწყებს, სადაც პირველ წრეში ასევე დასვენებულ მოლდოველს, ანდრეი პერპელიცას შეხვდება. ეს შეხვედრა თბილისის დროით 14:10-ზეა ჩანიშნული.
97 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე რაუნდიდან ჩერთვება ელიზბარ ოდიკაძე. მერვედფინალში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი ქართველი სპორტსმენის მეტოქე სომხეთის ნაკრების წევრი სარგის ჰოვსეპიანი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ბაქოში პირველ ევროპულ თამაშებზე აღებული ვერცხლის მედლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ბრძოლას ელიზბარი აზერბაიჯანელ გაჯიევსა და პოლონელ ბარანს შორის მოგებულთან შეხვედრით გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპულ თამაშებზე მედლები ჭიდაობის ექვს წონით კატეგორიაში თამაშდება. ტურნირში უკვე ჩართული ოთხი სპორტსმენიდან ერთი ფინალშია, ორი კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება. დღეს მინსკის სპორტის სასახლეში 21:10-ზეა დაგეგმილი გივი მაჭარაშვილისა (125 კგ.) და რუსეთის ნაკრების წევრ ანზორ ხიზრიევის ფინალური შეხვედრა. მანამდე კი 20:00 საათზე ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) მასპინძელთა წარმომადგენელ აზამატ ნურიკაუს ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდება. ამავე სინჯის მედლის აღების შანსი აქვს ლაშა ლომთაძესაც (57 კგ.), რომელსაც კვარცხლბეკამდე ორი გამარჯვება აშორებს. დამამშვიდებელ რაუნდში ნაკრების უმსუბუქესი წევრი თურქ სულეიმან ატლის შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მესამე ადგილისთვის უკრაინელ ტარას მარკოვიჩს შეხვდება.