თავისუფალი ჭიდაობა - ავთანდილ კენჭაძე მეოთხედფინალში დამარცხდა | მინსკი 2019 [ვიდეო]
მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე თავისი პირველი შეხვედრა გამართა ავთანდილ კენჭაძემ, რომელიც 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში განთესილი იყო და შეჯიბრში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი, ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავის მეტოქე, პირველ წრეში ასევე დასვენებული რუსი სპორტსმენი, ზურბეკ სიდაკოვი იყო. შეხვედრის პირველი ქულა სიდაკოვმა აიღო და ანგარიშით 1:0 დაწინაურდა. მეორე პერიოდში რუსმა მოჭიდავემ კიდევ ორი ორქულიანი შეფასება დაიმსახურა და უპირატესობა საგრძნობი გახადა. დარჩენილ დროში კენჭაძემ ჯერ ერთი ქულა გაქვითა, რასაც შემდეგ ორქულიანიც დაუმატა და ანგარიში 3:5-მდე შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ასევე მეოთხედფინალში არიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) და 23-წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი. პირველმა მათგანმა მერვედფინალში შვეიცარიელ შტეფან რაიხმუტს სძლია და ახლა აზერბაიჯანელ გოსტიევს შეხვდება. რაც შეეხება მაჭარაშვილს, მან აშკარა უპირატესობით ანგარიშით 10:0 ფინელი იერე ჰეინო დაამარცა და მეოთხედფინალში მეტოქედ რუმინელი ბარეს ჩინტოანი ეყოლება.
დღესვე 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მერვედფინალში დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა ლაშა ლომთაძე. რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დარჩენილ ორ წევრს, ისინი მინსკის „სპორტის სასახლის“ არენაზე ხვალ გავლენ. 26 ივნისს კვარცხლბეკზე ასასვლელად ბრძოლას ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი, ასევე პირველი ევროპული თამაშების ფინალისტი – ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) დაიწყებენ.