თავისუფალი ჭიდაობა - ავთანდილ კენჭაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა | მინსკი 2019
თავისუფალი ჭიდაობა - ავთანდილ კენჭაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა | მინსკი 2019

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ავთანდილ კენჭაძემ მოუტანა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა, 74 კილოგრამი წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, მასპინძელთა წარმომადგენელ აზამატ ნურიკაუს ​ორი ქულა სტარტზევე აუღო. მალე უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და საბოლოოდ პირველი პერიოდი ქართველმა მოჭიდავემ ანგარიშით 3:0 მოიგო. ორთაბრძოლის მეორე ნახევრის დასაწყისში კენჭაძემ ორი ქულა გაუშვა, შემდეგ კი ოთხქულიანი გდება თავად შეუსრულა. ამის შემდეგ მეტოქეებმა ქულები კიდევ გაცვალეს და საბოლოოდ ავთანდილ კენჭაძემ ბრინჯაოს მედალი ანგარიშით 8:5 გამარჯვებით გაიფორმა.

მედლის მოპოვების შემდეგ, კენჭაძემ საქართველოს პირველ არხთან ევროპულ თამაშებზე ისაუბრა.

დღესვე უკვე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი გივი მაჭარაშვილი. 22 წლის ქართველი გოლიათი 125 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ნაკრების წევრ ანზორ ხიზრიევს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკის დაწყებამდე ორ წონით კატეგორიაში წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. 65 კილოგრამში, ფინალში გავიდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაერთო, სადაც მოლდოველ ანდრეი პეპერლიცას ანგარიშით 4:1 მოუგო, ნახევარფინალში კი ბევრად გამოცდილი მეტოქე, რუსეთის ნაკრების წევრი აჰმედ ჩაკაევი ერგო, რომელსაც ანგარიშით 8:2 სძლია. ოქროს მედლისთვის ბრძოლას, რომელიც 27 ივნისს 19:50-ზეა დაგეგმილი, ტიტულოვანი ქართველი ფალავანი მსოფლიოსა და ევროპის სამ-სამგზის გამარჯვებულ ჰაჯი ალიევთან ჩაატარებს.

რეპეშაჟში გადაერთო დღეს მოასპარეზე კიდევ ერთი ქართველი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა ოდიკაძემ, მერვედფინალში სომხეთის ნაკრების წევრი სარგის ჰოვსეპიანი აშკარა უპირატესობით, ანგარიშით 13:2 დაამარცხა. მეორე ორთაბრძოლა ბაქოს ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ოდიკაძემ, აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან გამართა, საბოლოოდ ანგარიშით 7:3 დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ამის შემდეგ გაჯიევმა ფინალში გასვლაც მოახერხა და პირველი ევროპული თამაშების ვერცხლისმედალოსან ოდიკაძეს ამ ტურნირზე მეორე მედლის აღების შანსი შეუნარჩუნა. დამამშვიდებელ რაუნდში, ელიზბარი პოლონელ რადოსლავ ბარანს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მესამე ადგილისთვის უკრაინის ნაკრების წევრ მურაზ მჭედლიძეს დაუპირისპირდება.