თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ვახტანგ ბალავაძე გარდაიცვალა
თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ვახტანგ ბალავაძე გარდაიცვალა

თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ვახტანგ ბალავაძე დღეს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვახტანგ ბალავაძე პირველად ჩემპიონი 1954 წელს ტოკიოში გახდა, სამი წლის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს სტამბოლში მეორედ დაეუფლა .

ვახტანგ ბალავაძე იყო მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (თეირანი, 1959) და ოლიმპიური თამაშების (მელბურნი, 1956) ბრინჯაოს პრიზიორი. ბუქარესტის ახალგაზრდობის 1-ლი მსოფლიო ფესტივალის (1953) ჩემპიონი. ბუდაპეშტის (1954), სტოკჰოლმის (1954), გეტებორგის (1954), ესკალსტუნის (შვედეთი, 1954), თეირანის (1957), თავრიზის (1957), ტოლედოს (აშშ- 1958) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული.

ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილის გამო მას საფრანგეთში „ჭიდაობის პროფესორი“, ხოლო იაპონიაში „ჩემპიონთა ჩემპიონი“ შეარქვეს.

ვახტანგ ბალავაძე იყო 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მონაწილე.

ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვახტანგ ბალავაძე 1997 წელს დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA–ს ოქროს ორდენით.

ვახტანგ ბალავაძე საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოებულია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით.