თავდაცვის სამინისტროში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ლევან იზორიას დაჯარიმების მიზეზი განმარტეს. მათი ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზი გამოუყენებელი პლასტიკური ბარათი და დამხმარე შენობა-ნაგებობა გახდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იზორიას სახელზე რეგისტრირებული იყო პლასტიკური ბარათი, თუმცა მას არ იყენებდა. შესაბამისად, დეკლარაციაშიც არ მიუთითა.
რაც შეეხება მეორე ხარვეზს, იზორიას ოჯახის საკუთრებაშია სახლი სასწავლო-საცდელ მეურნეობა “ატმიანში”. დეკლარაციაში იზორიამ არ მიუთითა დამხმარე შენობა-ნაგებობა – სათავსო.
სწორედ ამ ფაქტების გამო თავდაცვის მინისტრი საჯარო სამსახურის ბიურომ ათასი ლარით დააჯარიმა. ჯარიმა იზორიამ უკვე გადაიხადა.
2017 წელს დაჯარიმდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზიც. მიზეზი – დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით საბანკო ანგარიშებში დაფიქსირებული ცდომილება გახდა.