თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაცია თითქოს კორონავირუსით რუსთავში გარდაცვლილი პირი სამხედრო მოსამსახურეა, არის ცრუ
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაცია თითქოს კორონავირუსით რუსთავში გარდაცვლილი პირი სამხედრო მოსამსახურეა, არის ცრუ.
ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ ვრცელდება მორიგი ცრუ ინფორმაცია თითქოსდა კორონავირუსით რუსთავში გარდაცვლილი პირი სამხედრო მოსამსახურეა. აღნიშნული პირი არ მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს არც ერთ სამხედრო დანაყოფში.
თავდაცვის სამინისტროში მოქმედებს კოვიდპანდემიის პრევენციისა და მართვის ისეთი ეფექტური მექანიზმები, რაც გამორიცხავს დაინფიცირების შემთხვევაში დაგვიანებულ მკურნალობას. თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები სისტემატიურად გადიან თერმოსკრინინგს, გეგმურ ტესტირებებს, ხოლო იზოლაციასა და დისტანციური მუშაობის რეჟიმზე მყოფი პირები კონტროლდებიან შესაბამისი სამსახურების მიერ.
სიმპტომების ნებისმიერი გამოვლენა არის აღრიცხული და ასეთი სიტუაციაში სამხედროები იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათ უტარდებათ ტესტირება ან/და ხდება გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ისინი უზრუნველყოფილი არიან მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით. შესაბამისად, ცალკეული ტელევიზიების მიერ ასეთი შინაარსის დეზინფორმაციის გავრცელება არის არსებული სისტემის ეფექტურობის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.