თავდაცვის სამინისტრო - სპეცუბნების გაუქმებას, სამხედრო მოსამსახურეებზე საარჩევნო უფლების გამოხატვის კუთხით, არანაირი ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია
თავდაცვის სამინისტრო - სპეცუბნების გაუქმებას, სამხედრო მოსამსახურეებზე საარჩევნო უფლების გამოხატვის კუთხით, არანაირი ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია

სპეცუბნების გაუქმებას არანაირი ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო მოსამსახურეებზე, საარჩევნო უფლების გამოხატვის კუთხით, რადგან ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, – ამის შესახებ აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამწუხაროა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით ცალკეული პოლიტიკური ძალისაგან კვლავ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება 28 ოქტომბერს ან მათი უფლებები შეიზღუდება.

„კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ აღნიშნული ძალა ბრალდებას აფუძნებს სპეცუბნების გაუქმების თემას, რაც თითქმის ყველა პარტიის, ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოთხოვნა იყო, რადგან აღნიშნული ტიპის უბნები არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტად, ინსტრუმენტად მიიჩნეოდნენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ აღნიშნული პოლიტიკური პარტია რამდენად შორს დგას საერთო კონსენსუსზე და დემოკრატიაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების აღიარებისაგან. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სპეცუბნების გაუქმებას არანაირი ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო მოსამსახურეებზე, საარჩევნო უფლების გამოხატვის კუთხით, რადგან ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ხოლო ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილიდან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლოს მდებარე საარჩევნო უბანზე ხოლო ნაწილი – გადასატანი ყუთის მეშვეობით. უფრო მეტიც, შეიარაღებულ ძალებში სამხედროები პარასკევიდან ჩვეულებრივ სარგებლობენ შაბათ-კვირის დასვენების დღეებით და ასე მოხდება საარჩევნო დღესაც”, – აღნიშნულია განცხადებით.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გათვალისწინებულია ტერიტორიული პრინციპიც და ის სამხედროები, რომლებიც ცხოვრობენ დისლოკაციის ადგილიდან შორს, არც ერთი მათგანი არ დარჩება ბაზაზე, ხოლო საარჩევნო დღის წესრიგი ისეა შემუშავებული, რომ საარჩევნო დღეს ადგილზე დარჩენილმა ყველა სამხედრო მოსამსახურემ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა.

„შესაბამისად, სწორედ ამგვარი პოლიტიკის დამსახურება იყო, რომ 2016 წელს თითქმის ყველა მოსამსახურემ არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიღო. რაც შეეხება 28 ოქტომბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს ამ ეტაპზე სულ ექვსი პირი მიიღებს მონაწილეობას რეგისტრაციის ადგილიდან სხვა საარჩევნო უბანში, თუმცა არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე სამინისტროს აქვს ვადა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების შესახებ მიმართოს უბნებს. მიუხედავად ამ შესაძლებლობისა, სურვილის შემთხვევაში დისლოკაციის ადგილიდან შორს მცხოვრები ყველა პირი გაშვებული იქნება დათხოვნაში და მათ საშუალება ექნებათ სრულიად თავისუფლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, წინა ხელისუფლებს დროს დანერგილი მავნე პრაქტიკა, როცა არჩევნები ყაზარმულ მდგომარეობაში და ზეწოლის ატმოსფეროში ტარდებოდა საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა. დღეს შეუძლებელია სამხედროებზე რაიმე ფორმით ზემოქმდება. საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმოადგენს დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედს და ჯარი ეკუთვნის ყველა მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, ჯარი არის ნეიტრალური ინსტიტუტი, და პოლიტიკურ სპეკულაციებში მისი ჩათრევის ნებისმიერი მცდელობა პრინციპულად მიუღებელი და განწირულია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს განაცხადა, რომ სამხედრო ნაწილებში გაუქმებულია საარჩევნო უბნები, რაც ჯარისკაცებისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნაა, რათა აირჩიონ მთავარსარდალი.

ამასთან, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა პრესოფიცერმა, არჩილ ომიაძე გუშინ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს სამხედრო პირებს 28 ოქტომბერს არ ექნებათ არჩევის უფლება და ცდილობს, ეს ცრუ ბრალდება დაასაბუთოს სპეცუბნების გაუქმებით.

მისივე თქმით, ჯარი არის ნეიტრალური ინსტიტუტი და პოლიტიკურ სპეკულაციებში მისი ჩათრევის ნებისმიერი მცდელობა პრინციპულად მიუღებელია.