დიმიტრი შაშკინი - სამხედრო ნაწილებში გაუქმებულია საარჩევნო უბნები, რაც ჯარისკაცებისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნაა
დიმიტრი შაშკინი - სამხედრო ნაწილებში გაუქმებულია საარჩევნო უბნები, რაც ჯარისკაცებისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნაა

„ძალა ერთობაშიას“ წევრებისთვის მიუღებელია, რომ თავდაცვის უწყების მისამართით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ, არჩილ ომიაძემ ისაუბრა, რადგან მიიჩნევენ რომ გენშტაბის ხელმძღვანელი პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

გაერთიანებული ოპოზიცია თავდაცვის სამინისტროს ქვეყნის მთავარსარდლის არჩევაში ჯარისკაცებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნაში ადანაშაულებს. აქ ამბობენ, რომ ცესკო-ს მიერ დაკომპლექტებული სიების საფუძველზე, ჯარისკაცები დისლოკაციის ადგილთან ახლომდებარე უბნებში ხმის მიცემას ვერ შეძლებენ, შესაბამისად, მათ რეგისტრაციის ადგილზე მოუწევთ წასვლა, რაც მათი თქმით, დამატებით პრობლემებთანაა დაკავშირებული.

„სამხედრო ნაწილებში არის გაუქმებული საარჩევნო უბნები, გაუქმების პროცესში შეიარაღებულ ძალებს დაპირდნენ, რომ ჯარისკაცები, სერჟანტები, კაპრალები და ოფიცრები ხმას მისცემდნენ ახლომდებარე უბნებში, რაც აღმოჩნდა ტყუილი. სიების დაკომპლექტება დასრულებულია და არც ერთი მათგანი არაა შეყვანილი ამ უბნებზე. ახლა უთხრეს, რომ თურმე თქვენ შეგიძლიათ, ხმა მისცეთ, სადაც ხართ რეგისტრირებული, ანუ სადაც ცხოვრობთ. ესაა დაცინვა და ხელოვნური პრობლემების შექმნა შეიარაღებული ძალებს პირადი შემადგენლობისთვის, რომ აირჩიონ მთავარსარდალი, პრეზიდენტი. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ ვაზიანიდან, საარტილერიო ბრიგადიდან, სერჟანტი რომ ჩავიდეს ზუგდიდში რა ღირს. მეორე, ეუბნებიან, რომ იმავე დღეს უნდა დაბრუნდნენ, რაც ლოჯისტიკურად შეუძლებელია და მესამე, არავინ არ გაუშვებს მთელ ჯარს სახლში. ეს ხომ გასაგებია, რომ ზემდგომი ოფიცრის ხელში იქნება გადაწყვეტილების მიღება, ვინ გაუშვას და ვინ არა, ესაა რეალურად ხელოვნური პრობლემის შექმნა ჯარისთვის, რომ აირჩიონ თავისი მთავარსარდალი”, – აღნიშნავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ქართული არმია სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმას არ მისცემს და ხელისუფლებამ მსგავსი ბარიერები სწორედ ამ მიზეზით, შეგნებულად შექმნა.

“ამ ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ქართული ჯარი თავის უმაღლეს მთავარსარდლად არ აირჩევს მოღალატეს, ესაა აბსოლუტურად ნათელი და აქედან გამომდინარე, ამ ხელისუფლებამ ინსტიტუციურად შექმნა პირობები, რათა ჯარის უდიდესი ნაწილი ვერ მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო პროცესში”, – აღნიშნავს გიორგი ბარამიძე.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრალდებებს გენშტაბის უფროსმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე უკვე უპასუხა. სადაც აღნიშნა, რომ სპეცუბნების გაუქმება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია იყო და ამ გადაწყვეტილებას ჯარისკაცების არჩევნებში ჩართულობაზე გავლენა არ მოუხდენია.

არჩილ ომიაძემ აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეები ხმას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით აძლევენ, ხოლო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილიდან განსხვავებულ მისამართზე მოითხოვს, დისლოკაციის ადგილთან ახლოს მდებარე საარჩევნო უბანზე ან გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემენ ხმას.