თავდაცვის სამინისტრო - შოვისკენ უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, კოპიტნარის ბაზიდან კი ეროვნული გვარდიის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიემგზავრება
საქართველოს თავდაცვის ძალები ონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტიანად განსახორციელებლად დღეიდან ჩაერთო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე, შოვის მიმართულებით უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით.
„სამხედრო ინჟინრებს დამეწყრილ ზონაში გადაადგილებისთვის ქვეითი საპონტონე ხიდებიც მიაქვთ. შოვში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად კოპიტნარის ბაზიდან კი ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიემგზავრება. ქვედანაყოფი უახლესი თაობის სამაშველო საშუალებებით არის აღჭურვილი, რომელიც ქართულ მხარეს დანიის სამეფომ გადასცა. პირად შემადგენლობას ასევე გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის მიმართულებებსა და საჭიროებებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად სრულ მზადყოფნაშია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური სამხედრო ტექნიკითა და საშუალებებით, რომლებიც ამოცანების მიღებისთანავე ჩაერთვებიან სამაშველო და გაწმენდით ღონისძიებებში“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.