თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის მიერ თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყებს აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის ყურადღებით ეცნობა აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს სხვადასხვა მიმართულებით და მაქსიმალურად ცდილობს, მითითებული ნაკლოვანებები თუ ხარვეზები, სამინისტროსთვის თუ მთავრობისთვის გაცემული რეკომენდაციებით, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გააზრებულად და დროულად აღმოფხვრას.
სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპისთვის, კანონით დადგენილი ვადების მიხედვით, შესაბამისი სამსახურების მიერ უკვე მომზადებული და გადაგზავნილია სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციების (სულ 8 რეკომენდაცია) შესრულების სამოქმედო გეგმა.
უწყება ანგარიშში მოყვანილ ცალკეულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.
„ანგარიშში საუბარია, რომ სამინისტროს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების შესახებ არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ სამინისტროს მფლობელობაში არსებული ქონება საბჭოთა ჯარებიდან მიღებული ქონებით იწყება, რომელიც თავის მხრივ შეფასების გარეშე, მხოლოდ რაოდენობრივად გადმოგვეცა. 2013 წლამდე არ ხდებოდა სისტემური რეგისტრაციები, ხდებოდა მხოლოდ ერთეულ ობიექტებზე, იყო მიღება-ჩაბარების თუ აღრიცხვის კუთხით უზუსტობები, გაუმართავი პროცედურები და ასევე, სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა. მაგალითად, აუდიტის იმავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2008 წელს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ბინების საკუთრებაში გაცემის შესახებ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, რაც ცხადია პრობლემას უქმნის ზოგადად ქონების აღრიცხვიანობის საკითხს. ჩვენ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით, დაწყებულია ამ პრობლემის გადაჭრის პროცესი, რაც წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო დატოვებული და მოუგვარებელი. წინა ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, მინისტრ იზორიას ხელმძღვანელობით, პირველად დაიწყო ქონების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც თავდაცვის გეგმასა და ზოგადად, თავდაცვის ძალების განვითარების პერსპექტივას დაეფუძნება. უნდა ითქვას, რომ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობის მიზნით ქონების აღრიცხვის პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა ქონების დიდი მოცულობიდან გამომდინარე საჭიროა ხანგრძლივი და შრომატევადი საქმიანობის გაწევა, რაც ბუნებრივია დროის მოკლე შუალედში შეუძლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უწყება ხაზს უსვამს, რომ 2013 წლიდან უძრავი ქონების აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს სისტემატიურად, შესაბამისად ხდება საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება და წარდგენა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.
სამინისტროს ინფორმაციითვე, მხოლოდ 2017-2019 წლებში თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 800 000 კვ.მ. -ზე მეტი მიწის ფართობი (მიწის ნაკვეთები რომელიც არ ირიცხებოდა ბალანსზე და სახელმწიფომ სარგებლობაში გადასცა თავდაცვის სამინისტროს) და თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული 6 751 079 კვ.მ. მიწის ფართობი.
„ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ცალკეული პირების მიერ უძრავი ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტები, რაც ბუნებრივია, სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ის ეწინააღმდეგები კანონის უზენაესობისა და მართლწესრიგის ნორმებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ფაქტები დაახლოებით 10 წლის წინ ფიქსირდებოდა და შეჭრილი პირები ძირითადად დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას წარმოადგენდა. აღნიშნული პირები ართულებენ მათ შორის აღრიცხვიანობის პროცესს, რადგან ხშირად ეწინააღმდეგებიან მივლენილი აღმრიცხველის მიერ აზომვითი სამუშაოების ჩატარებას. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდში განხორციელებულ თვითნებობებს, მათზე კანონისმიერი რეაგირება ხორციელდება“, – აცხადებს სამინისტრო.
ამასთან, უწყება აუდიტის ანგარიშის იმ ნაწილზეც ამახვილებს ყურადღებას, სადაც მითითებულია, თავდაცვის სამინისტროს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული გარკვეული ოდენობის უძრავი ქონება არ არის შეფასებული.
„მოცემული მდგომარეობა განაპირობა იმან, რომ უძრავი ქონების ნაწილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წლების წინ საბჭოთა ჯარებიდან გადმოცემული აქვს მხოლოდ რაოდენობრივად და თავის მხრივ შეფასებითი სამუშაოს დიდი მოცულობიდან გამომდინარე მისი ღირებულება არ არის შეფასებული. აღნიშნული პრობლემის გარდა, ასევე გასათვალისწინებელია აღრიცხვის სამუშაოების კერძო აუდიტორული კომპანიების მიერ ჩატარების მაღალი ფინანსური ღირებულება, რაც რამდენიმე მილიონ ლარს საჭიროებს. მოცემულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თავდაცვის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა არასწორად მიმდინარეობს და ძირითადად, ეფუძნება ქვედანაყოფებიდან შესულ მოთხოვნებს. ჩვენ მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავება, რომელიც პირველი მსგავსი დოკუმენტი იქნება სამინისტროში და, რომლის მიხედვით გადაწყდება ახალი სტრუქტურული-ორგანიზაციული მოწყობა და შედეგად ინფრასტრუქტურის დაგეგმვაც თავდაცვის ძალების განვითარების ერთიან გეგმას დაეფუძნება“, – აცხადებს უწყება.
სამინისტროს ინფორმაციით, მოცემული გეგმების შემუშავება და თანხვედრაში მოყვანა შრომატევადი პროცესია და შესაბამისად განსაზღვრულ დროს მოითხოვს.
ბინებთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე კი, თავდაცვის სამინისტრო აცხდებს, რომ 2007 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება 2013 წელს დაიწყო და დღემდე, 1634 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხდა. დარჩენილია 728 სამხედრო მოსამსახურის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულება.
„უახლოეს პერიოდში დასრულდება სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები გორში, სადაც ხუთი კორპუსი, სულ 180 ბინით მზადდება. ამ მიზნის განსახორციელებლად, ასევე სამუშაოები დაიწყო აბაშვილის ქუჩაზე ე.წ. სამხედრო დასახლებაში, სადაც ორი ცხრა სართულიანი კორპუსი აშენდება, თითო 243 ბინით. 2020 წელს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტში სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდის მართვის ნაკლოვანებებზე მიუთითებს. ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ბალანსზე არსებულ ქონებაზე არასაკმარის ინფორმაციას ფლობს.