აუდიტი - თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ბალანსზე არსებულ ქონებაზე არასაკმარის ინფორმაციას ფლობს
აუდიტი - თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ბალანსზე არსებულ ქონებაზე არასაკმარის ინფორმაციას ფლობს

თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ბალანსზე არსებული ქონების შესახებ საკმარის და სათანადო ინფორმაციას არ ფლობს, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული, თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტშია საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა 4.7 მილიარდი ლარის ღირებულების აქტივები. აქედან, უძრავი ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება 1.7 მილიარდ ლარს აღემატება.

„ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული გარკვეული ოდენობის უძრავი ქონება აღრიცხულია მხოლოდ რაოდენობრივად, ანუ არ არის შეფასებული, რის გამო მათი ღირებულება ფინანსურ ანგარიშგებაში არ აისახება. შესაბამისად, სამინისტროს ერიცხება გაცილებით უფრო მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება, ვიდრე ეს ბალანსით არის წარმოდგენილი. თავდაცვის სამინისტროს სპეციფიკიდან, ასევე აღნიშული ქონების ღირებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, არსებობდეს ქონების მართვის სტრატეგია და აქტივების გამოყენება ხდებოდეს სახელმწიფოებრივი და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სამინისტროს მფლობელობაში არსებული გამოუყენებელი ქონება, ხოლო საჭირო ქონების განკარგვა მოხდეს ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, თავდაცვის სამინისტროში ბალანსზე არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაციები არასრულყოფილად ტარდება და მათ შედეგებზე არ ხორციელდება შესაბამისი რეაგირება.

„ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი წლების განმავლობაში წერილების საფუძველზე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა შესაბამისი მიღება-­ჩაბარების აქტები არ გაფორმებულა. აღნიშნული ქონების პრივატიზებას ეკონომიკის სამინისტრო ახორცილებდა, თუმცა ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო. შესაბამისად, ასეთი ქონება მაინც ირიცხება სამინისტროს ბალანსზე. ქონების გარკვეული ნაწილი (ძირითადად წლების წინ რუსეთის ჯარიდან გადმოცემული) არ არის დარეგისტრირებული სამინისტროს სარგებლობის უფლებით“, – წერია ანგარიშში.