თავდაცვის სამინისტრო - ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ
ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.
ახალი „თავდაცვის კოდექსით“:
იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაკლოვანი სისტემა; ძლიერდება ჯარის სოციალური გარანტიები; იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.
ახალი კოდექსით:
ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში;
ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და ნატო-ს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო;
ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს;
არსებული 12-თვიანი სავალდებულო სამსახურის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება.
ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ:
თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო ოთხი წელი;
ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერმიღების შემთხვევაში კი – სერჟანტის წოდება;
ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.
ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები:
აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით.
ახალი კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით:
თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა;
სამხედროები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამხედრო აღჭურვილობით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამედიცინო დაზღვევით და გაუმჯობესებული სოციალური პირობებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.