თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული სამხედროები წოდების მიხედვით, 100-დან 500 ლარამდე თანხით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ
გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეთა ოდენობა, რომლებიც გაუმჯობესებულ სახელფასო უზრუნველყოფას მიიღებენ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
მისი თქმით, სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„აღნიშნული პოლიტიკა 2016 წლიდან დავიწყეთ, თუმცა ინტენსიური ხასიათი 2018 წელს მიიღო და უფრო გაფართოვდება სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, ვინც გაუმჯობესებულ ხელფასებს მიიღებს 2019-2020 წლებში. მხოლოდ წელს მათი რაოდენობა ჯამში 7000-ზე მეტი იქნება. ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ყველა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე მიიღებს განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც 100 ლარიდან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს, წოდებებიდან გამომდინარე. თუმცა ამ დანაყოფებთან ერთად, სხვა დანაყოფებიც მიიღებენ ახალ სახელფასო უზრუნველყოფას“, – განაცხადა იზორიამ.
მისი თქმით, უწყებას აქვს ამბიცია, თავდაცვის ძალები მთლიანად მოიცვას და ამ პრინციპის საფუძველზე ყველა სამხედრო მოსამსახურეს ჰქონდეს გაუმჯობესებული სახელფასო უზრუნველყოფა.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ახალი პროექტის „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.