საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია წილკანში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ლევან იზორიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია.
„სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს ჩვენი შეიარაღებული ძალების, ყოფილი უმცროსი სერჟანტის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. ამ მძიმე წუთებში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დგას.
ვითხოვთ, დროულად გადაეცეს ოჯახს ცხედარი. ჩვენ ერთად მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პრინციპულად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკას” – განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრთან ერთად, გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, წილკანში მიუსამძიმრეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, მისმა მოადგილეებმა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა.