თავდაცვის მინისტრი აუდიტის სამსახურის დასკვნასა და წინამორბედის ბრალდებებს პასუხობს
დანაშაულებები, რომლებიც უკავშირდება საფინანსო დარღვევებს, არა ჩემი მინისტრად ყოფნის პერიოდში, არამედ 2016 წლის თებერვალსა და მარტში დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტებმა ლევან იზორიას ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადების შეფასება სთხოვეს, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
„მე არ ვიცი ჩემი წინამორბედი რა პასუხისმგებლობას მაკისრებს. შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ დანაშაულებები, რომლებიც უკავშირდება საფინანსო დარღვევებს, არა ჩემი მინისტრად ყოფნის პერიოდში, არამედ 2016 წლის თებერვალსა და მარტში დაიწყო. საუბარია 100 ათასობით ლარის გადარიცხვაზე, ადამიანებზე, რომლებიც გათავისუფლებულები იყვნენ. პირიქით, ჩვენი ოპერატიული მუშაობის შედეგია ის, რომ დავიწყეთ დანაშაულებების გამოვლენა, მათ შორის მათი, რომლებიც ჩემი წინამორბედის პერიოდშია დაწყებული“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.