თავდაცვის ძალების დაკომპლექტების პოლიტიკა მარტივდება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის ძალების შემადგენლობის შენარჩუნების მიზნით, უფრო გამარტივდა მისი დაკომპლექტების პოლიტიკა.
„ვისაც ადრე უნდოდა, რომ თავდაცვის ძალების წარმომადგენელი გამხდარიყო, სხვადასხვა ლოკაციაზე უწევდა მისვლა, რათა გარკვეული ნორმატივები ჩაებარებინა. ახლა მოთხოვნებს ვამარტივებთ, მათ შორის ვამარტივებთ ფიზიკური მომზადების კუთხით სტანდარტს. შესაბამისად, პირს, რომელიც საბრძოლო მომზადებას გაივლის, შესაძლებლობა ექნება, მომზადების პერიოდში მიაღწიოს სტანდარტს და გახდეს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი.
რაც შეეხება უშუალოდ საბუთების შეგროვებას, თუ ეს მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იყო შესაძლებელი, ჩვენ რეგიონული პრინციპის მიხედვით გავშალეთ და ახლა დოკუმენტების წარდგენა ექვს ადგილზე იქნება შესაძლებელი. მათი შერჩევა გამარტივებული წესით მოხდება, რაც ხელს შეუწყობს მეტი დაინტერესებული პირის თავდაცვის ძალებში მიღებას“, – განაცხადა ლევან იზორიამ.