თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მთავარ მარშალს, სერ სტიუარტ ფიჩს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ალიანსის უმაღლეს სამხედრო პირს თავდაცვის უწყებაში გატარებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა.
საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს წვლილს შეეხო.
მხარეებმა თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიაზეც ისაუბრეს და ნატო-სთან გაძლიერებული ურთიერთთანამშრომლობის შესაძლო სფეროები განიხილეს.