თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსად გიორგი მათიაშვილი დაინიშნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაინიშნა.
გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე გათავისუფლდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოზიციიდან და დაინიშნა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ.
ასევე სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურის კიდევ ერთი მოადგილე, გენერალ-მაიორ შალვა ჯაბახიძე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები უწყებაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით განხორციელდა.