“ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენელი - Ryanair-ის შეფასება ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის
თბილისის აეროპორტში ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენი კარი ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის ღიაა, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძემ განაცხადა, რომელმაც ავიაკომპანია Ryanair-ის წარმომადგენელს უპასუხა.
“მე არ ვიცი, რატომ მოჰყავს Ryanair-ს ბარსელონას მაგალითი და ზოგადად Ryanair-ის შეფასება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ეს საფასო პოლიტიკა შეიძლება გადაიხედოს და ნებისმიერ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საგანია. საფასო პოლიტიკა იცვლება ფრენების სიხშირეების მიხედვით. რაც შეეხება Ryanair-ს, როგორც ვიცი, ეს ავიაკომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს მთავრობასთან და აპირებენ, რომ დაიწყონ ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. სწორედ ქუთაისის აეროპორტია გამოყოფილი დაბალტარიფიანი ავიკომპანიებისთვის. ეს მსოფლიოში მიღებული მოდელია. დედაქალაქებში, როგორც წესი, დაბალტარიფიანი ავიაკომპანიები იშვიათად დაფრინავენ მთავარ აეროპორტებში, უფრო მეორად აეროპორტებში დაფრინავენ“, – აღნიშნა ზაქარაძემ.
მისივე ინფორმაციით, თბილისში ფრენებს რამდენიმე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ასრულებს, მათ შორის Pobeda, Pegasus Airlines და Flydubai.
“ჩვენ ჩამოთვლილ კომპანიებთან გვქონდა მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკებების შედეგად ისინი დაფრინავენ. ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის. მზად ვართ დაველაპარაკოთ, შევხვდეთ. მათთვის თუ მისაღები იქნება ჩვენი პირობები, შეუძლიათ დაიწყონ ფრენა. მაგრამ, როგორც ვიცი, მოლაპარაკებები მიდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან“, – დასძინა “ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა.
Ryanair-ის მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელმა ნილ ოკონერმა დღეს განაცხადა, რომ ავიაკომპანია საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, თბილისის აეროპორტში არსებული მაღალი ტარიფებია. მისი თქმით, ასეთი ტარიფები ბარსელონაშიც კი არ არის.