თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილი მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების ათეულში დასახელდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax World Airport Awards 2024-ზე მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილი აეროპორტების Top 10-ში მოხვდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად ათეულში დასახელდნენ დურბანის, ოტავას, გოასა და ბილუნდის აეროპორტები.
„ამასთან, Skytrax World Airport Awards 2024-ზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები აღმოსავლეთ ევროპის ათ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ – მეთერთმეტედ, ხოლო ბათუმის მესამედ მოხვდა. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, თბილისისა და სოფიის საერთაშორისო აეროპორტები.
მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებში ფრანკფურტში გაიმართა.
Skytrax-ი გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ი მსოფლიოს 100 ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების მგზავრისა და 570 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ“, – აღნიშნულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციაში.