„ტავ ჯორჯია“ - ინფორმაცია, თითქოს თბილისის აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება, სიმართლეს არ შეესაბამება
„ტავ ჯორჯია“ - ინფორმაცია, თითქოს თბილისის აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება, სიმართლეს არ შეესაბამება

ინფორმაცია, თითქოს თბილისის აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ყალბი გვერდის მეშვეობით ვრცელდება, თითქოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში (Lost & Found) მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს სრულ სიყალბეს, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

კომპანიამ დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და ყალბი გვერდების დასაბლოკად სათანადო რეაგირება უკვე მოახდინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.