TAV Georgia-მ საავიაციო უნივერსიტეტის ხუთ სტუდენტს სტიპენდია გადასცა
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ საავიაციო უნივერსიტეტის ხუთ სტუდენტს სწავლის გადასახადის დასაფინანსებლად TAV-ის სტიპენდია გადასცა.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტებს, TAV Georgia-ს ხელმძღვანელობამ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს XX საუკუნის თბილისის აეროპორტის ფოტოისტორიის გამოფენა, რომელიც ავიაციის დღესთან დაკავშირებით გაფრენის ტერმინალში მოეწყო.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, TAV Georgia საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ყოველწლიურად უნივერსიტეტის ათობით სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ასაქმებს.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ არა მარტო საავიაციო უნივერსიტეტთან, ასევე სხვა უნივერისტეტებთან. ჩვენი მიზანია, მეტი ახალგაზრდა დავასაქმოთ აეროპორტში, რადგან აეროპორტი ვითარდება, შესაბამისად, კადრებსაც განახლება სჭირდება“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.
TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა საავიაციო სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს სამოქალაქო ავიაციის დღე მიულოცა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით 1994 წლიდან აღინიშნება.