ტარიელ ნაკაიძე - ჩემი წარმომადგენლობა რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით მაძლევს საფუძველს, რომ ვიყო პარლამენტის წევრი
ჩემი წარმომადგენლობა რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით მაძლევს საფუძველს, რომ ვიყო პარლამენტის წევრი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის ეთანხმება „ევროპული საქართველოს“ პოზიციას პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა ვინაიდან თავად უმცირესობებს წარმოადგენს, პარლამენტში შედის.
„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ევროპულ საქართველოს“, რადგან მომეცა საშუალება, მე პარლამენტში მოვხვედრილიყავი და შესაბამისად, ამ გუნდთან ერთად ძალიან სერიოზული გამოცდილება მივიღე. ველოდებოდი პოლიტსაბჭოს შეხვედრას, მეც საბჭოს წევრი ვარ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, ვემხრობი, თუმცა ის წარმომადგენლობა, რომელიც ამ შემთხვევაში მე მაქვს უმცირესობებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით და ჩემ მიერ ბოლო პერიოდში წარმოებული გამოკითხვები მაძლევს იმის საფუძველს, რომ მე ვიყო პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი. რა თქმა უნდა, არ და ვერ წარმოვადგენ „ევროპულ საქართველოს“, თუმცა ეს არის ისტორიული ნაბიჯი, ისტორიული სვლა საქართველოს პარლამენტის რეალობაში და „ევროპულ საქართველოს“ ამ მიმართულებით ექნება საკუთარი ადგილი.
მე ვეცდები, მაქსიმალურად წარმოვადგინო ის თემები, რომელიც აქამდე ნაკლებად განიხილებოდა პარლამენტში“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
კითხვაზე, რომ არ აპირებს ის რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას, ტარიელ ნაკაიძემ უპასუხა: „ხვალიდან შევუდგები საპარლამენტო საქმიანობას როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი თუმცა, ამაზე გადაწყვეტილებას იმ რეალობის მიხედვით მივიღებ, როგორც შევძლებ უფრო მეტად შევასრულო საზოგადოების მიერ დაკისრებული ფუნქცია“.
კითხვაზე, მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პარტიაში თუ იყო აზრთა სხვადასხვაობა, ტარიელ ნაკაიძემ უპასუხა, რომ შეთანხმება ცივილურად შედგა.
„მსჯელობა იყო ძალიან ლოგიკური. მნიშვნელოვანი იყო ზოგადად პარტიის დამოკიდებულებაც. ცივილურად შედგა შეთანხმება. პარტია თუ შევიდოდა პარლამენტში, მე ვემორჩილებოდი ყველა იმ წესს, რომელიც პარტიის წესდებაში იყო გაწერილი, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე სწორედ ამ მიზეზის გამო მივიღე, რაც მივიღე“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის.