ფოთში მომუშავე ტაქსის მძღოლებმა თბილისში მყოფ ტაქსის მძღოლების ნაწილს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყეს.
„სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში მყოფ ტაქსის მძღოლებს. ფოთელებმა გულთან ახლოს მივიტანეთ მათი პრობლემა. არ არის გამორიცხული, ეს რეგულაციები რეგიონებზეც გავრცელდეს. დღევანდელ დუხჭირ ცხოვრებაში ხელისუფლება ითხოვს, ყველა ტაქსი თეთრი ფერის იყოს. ალტერნატიული ტაქსები უნდა არსებობდეს, როგორც მაგალითად, ლონდონშია. სანამ მიზანს არ მივაღწევთ, აქციებს არ შევწყვეტთ“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ლეიბორისტული პარტიიდან“, მამუკა ხორავამ.
სოლიდარობის ნიშნად, ტაქსის მძღოლების აქცია თელავშიც გაიმართა. ამასთან, ტაქსის მძღოლების ნაწილი აქციას თბილისში მართავს, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ახალი რეგულაციების გადავადება ან სრულად გაუქმებაა.