ტაქსის მძღოლებისთვის პირველ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე საფინანსო კომიტეტში იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტი ტაქსის მძღოლებისთვის პირველ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს.
კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ფინანსური ტვირთისგან 700-მდე მძღოლს გაათავისუფლებს.
„აღნიშნული ინიციატივა გამომდინარეობს იქიდან, რომ ტაქსის რეფორმის მიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება, უბრალოდ ამ დღეს, რადგან რეფორმის პირველი დღე იყო, მძღოლების ნაწილი შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, რომ ეს რეფორმა არ შედგებოდა, რომ ისინი შემოვლით გზებს აღმოაჩენდნენ და რაღაცნაირად აუვლიდნენ გვერდს ამ რეფორმას. აქედან გამომდინარე გვინდა, ეს ფინანსური ტვირთი, პირველ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმები მოვაშოროთ მათ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისგან ის მძღოლები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ახალი ნებართვის აღება ვერ მოასწრეს და სწორედ ამ მიზეზით, 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმდნენ.
ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი და გოგა გულორდავა არიან.