„თანასწორობის მოძრაობა“ მთავრობის კანცელარიასთან 17 მაისს აქციას აღარ გამართავს
„თანასწორობის მოძრაობა“ მთავრობის კანცელარიასთან 17 მაისს აქციას აღარ გამართავს.
ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს. „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აქციის გაუქმების გადაწყვეტილება შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მიიღეს.
„17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელსაც ყოველწლიურად ვუერთდებით ლგბტ აქტივისტები, ჩვენი თანამოაზრეები, მეგობრები და საზოგადოების ის ნაწილი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს დღე, როგორც სიძულვილთან და აგრესიასთან – ამ საყოველთაო ბოროტებასთან ბრძოლის დღე.
2013 წელს ჩვენ შემზარავი მოვლენების შემსწრე გავხდით, როდესაც ამ დღის აღსანიშნავად შეკრებილი რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მანიფესტანტი საქართველოს საპატრიარქოსა და საეჭვო პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა დაგვარბიეს. ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით, არსებობდა ნებისმიერი ჩვენგანის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, რომელზეც სამწუხაროდ არავის უფიქრია. აგრესიულ კონტრდემონსტრანტთა რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასს აღწევდა. ეს დღე უმძიმეს ტრავმად დარჩა არამხოლოდ ჩვენი, არამედ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ისტორიაში. მას შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს ჩვენ ზოგჯერ ვახერხებთ, ზოგჯერ ვერც, ხოლო ზოგჯერ ნაწილობრივ, რომ გამოვიყენოთ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლება.
მიმდინარე წელს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მათ დეკლარირებულად მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები.
თუმცა, ჩვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სოციალური მღელვარება, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში შეჭრას მოყვა. დაწყებული საპროტესტო აქციების ესკალაცია გახლდათ ის, რომ ქალაქის მთავარი გამზირი დავიკავეთ არამხოლოდ მშვიდობიანმა მანიფესტანტებმა, არამედ სრულიად უკონტროლო და კანონგარეშე მოქმედმა ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა. ხელისუფლებას დასჭირდა უპრეცედენტო ძალის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ასეული დესტრუქციული მოქალაქე, რომლებიც ხეებსაც კი გლეჯდნენ, შეეკავებინათ. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება აცილებული იქნა აქციის ორგანიზატორთა ღირსეული, პასუხისმგებლიანი საქციელით – დემონსტრაციის დროებით შეწყვეტით“,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც „თანასწორობის მოძრაობის“ წევრები ამბობენ, მიმდინარე წლის 17 მაისს მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული.
„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. ამას ამყარებს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად შევეცადეთ მათი დაგეგმილი აქტივობები არც დროში და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას, რაც ბოლოდროინდელი მოვლენების, საერთო დაძაბულობისა და მღელვარების ფონზე აძლიერებს არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, რასაც შეიძლება გაუთვლელი დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას უახლოესი წარსულიდან, 90-იანი წლებიდან, კარგად ახსოვს, რა შედეგებამდე მივყვავართ საზოგადოებაში ქსენოფობიისა და მტრობის გაღვივებას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩათრეული ჩვენი ქვეყანა.
სწორედ ამიტომ: ვაცნობიერებთ რა ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ჩვენ, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოზატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია საქართველოს კანცელარიასთან, რათა ხელი არ შევუწყოთ დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „თანასწორობის მოძრაობის“ წევრებმა საზოგადოებას გააცნეს.
ლგბტ აქტივისტები 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავდნენ.