„თანასწორობის მოძრაობა“ - საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი და ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს „სოლიდარობის მარშში“ მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისკენ
ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ აცხადებს, რომ საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადება არის საფრთხის შემცველი და ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს „სოლიდარობის მარშში“ მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისკენ.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „სოლიდარობის მარშს“ და 3 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი და ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს „სოლიდარობის მარშში“ მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისკენ. განცხადების თანახმად, 5 ივლისს მშვიდობიანი პარაკლისის გადახდა იგეგმება, მაგრამ 2013 წლის 17 მაისის შემდგომი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ შეკრებებს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ხშირად თემის წევრებზე თავდასხმისთვის იყენებენ.
„თანასწორობის მოძრაობისთვის“, როგორც სათემო ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანი და უპირატესია ლგბტქი თემის წევრების, აგრეთვე, ღონისძიებაში მონაწილე სხვა პირების უსაფრთხოების საკითხი.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: დაიცვას შეკრებაში მონაწილე თითოეული ადამიანის უსაფრთხოება; ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებული შესაძლო სამართალდარღვევის აღსაკვეთად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროპორციული საშუალებები.
მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს: საჯარო განცხადებების გაკეთებისას იხელმძღვანელონ ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით; თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისა და ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზებისგან.
მოვუწოდებთ მედიას: „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქებისას იხელმძღვანელონ მაღალი ეთიკური სტანდარტების შესაბამისად; განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას, რათა ხელი არ შეუწყონ დისკრიმინაციისა და ძალადობის წახალისებას.
მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ლგბტქ თემის წევრებისთვის, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებში მონაწილეობენ, „თანასწორობის მოძრაობის“ იურიდიული და სოციალური სერვისები განსაკუთრებულად იქნება მობილიზებული.
ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო სათანადოდ დაიცავს 5 ივლისს შეკრებაში მონაწილე თითოეული პირის უსაფრთხოებას!“ – აცხადებენ „თანასწორობის მოძრაობაში“.
საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ე.წ. პრაიდის მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას“. „5 ივლისს, 17:00 საათზე შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ. გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, – ვკითხულობთ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.