TANAP - ტრანსანატოლიურ მილსადენში ბუნებრივი გაზის ჩატვირთვა უკვე დაიწყო
ტრანსანატოლიურ მილსადენში, რომლითაც აზერბაიჯანიდან გაზის ტრანსპორტირება ევროპაში მოხდება, ბუნებრივი გაზის ჩატვირთვა უკვე დაიწყო. მილსადენი სავარაუდოდ ბუნებრივი გაზის გატარებას მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყებს. ამის შესახებ „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ვიტალი ბეილარბაივმა განაცხადა. ინფორმაციას Azvision-ი ავრცელებს.
ვიტალი ბეილარბაივის თქმით, TANAP-ის პროექტის სამუშაოების 90%-ზე მეტი უკვე დასრულებულია.
„ჩვენ შეგვიძლია, ამაყად ვთქვათ, რომ სამხრეთ-კავკასიური მილსადენი 2018 წელს გაიხსნება და ამავე წლის ზაფხულში გაზი პირველად ჯერ თურქეთში გავა. შემდეგ 2020 კი უკვე წელს ევროპაში“, – აღნიშნა ვიტალი ბეილარბაივმა.
ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაგრძელება იქნება, რომელიც შემდგომ თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტირების ქსელს შეუერთდება.
შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება.