TANAP – ტრანსანატოლიურ მილსადენში ბუნებრივი გაზის ჩატვირთვა უკვე დაიწყო

21:19, 03.02.2018

ტრანსანატოლიურ მილსადენში, რომლითაც აზერბაიჯანიდან გაზის ტრანსპორტირება ევროპაში მოხდება, ბუნებრივი გაზის ჩატვირთვა უკვე დაიწყო. მილსადენი სავარაუდოდ ბუნებრივი გაზის გატარებას მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყებს. ამის შესახებ „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ვიტალი ბეილარბაივმა განაცხადა. ინფორმაციას Azvision-ი ავრცელებს.

ვიტალი ბეილარბაივის თქმით, TANAP-ის პროექტის სამუშაოების 90%-ზე მეტი უკვე დასრულებულია.

„ჩვენ შეგვიძლია, ამაყად ვთქვათ, რომ სამხრეთ-კავკასიური მილსადენი 2018 წელს გაიხსნება და ამავე წლის ზაფხულში გაზი პირველად ჯერ თურქეთში გავა. შემდეგ 2020 კი უკვე წელს ევროპაში“, – აღნიშნა ვიტალი ბეილარბაივმა.

ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაგრძელება იქნება, რომელიც შემდგომ თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტირების ქსელს შეუერთდება.

შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება.

მსგავსი