თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ეროვნული პავილიონი დღეს იხსნება
თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი დღეს იხსნება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე საქართველოდან წარმოდგენილია სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე“. ამასთან, მათივე ცნობით, ვენეციის საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.
„59-ე ბიენალეს კურატორია სესილია ალემანი, საერთაშორისო გამოფენის თემა და სახელწოდებაა „რძე სიზმრებისა“. კულტურის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული პავილიონის მოსაწყობად საგამოფენო სივრცე ვენეციაში, კუნძულ ჯუდეკაზე შეარჩია (132 კვ.მ., მისამართი: Fondamenta S. Biagio, 800/o, 30133 Venezia VE, Italy), რომელიც 13 აპრილიდან პირველ დეკემბრამდე საქართველოს განკარგულებაში იქნება.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს პირველად, ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის შვიდი თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ქართველი ახალგაზრდებისთვის. პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდა ხელოვანების შესარჩევად კულტურის სამინისტრომ კონკურსი მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც რეზიდენციის ხუთი მონაწილე გამოვლინდა.
„მე ვწუხვარ ბაღზე“ თბილისში მცხოვრები და მომუშავე მხატვრების, მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარია. ეს არის მულტიმედიური პროექტი, რომელიც მოგვითხრობს დასასრულის წინათგრძნობაზე და დიდი ზომის ვიდეო ინსტალაციის და VR (ვირტუალური რეალობის) გამოცდილების საშუალებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს. VR გამოცდილების ცენტრალური სცენა გადაშენებული მცენარეების ბაღია, რომელიც ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ მცენარეებს აერთიანებს. აჩრდილების ბაღი, ეკოლოგიური კრიზისი, წარმოდგენილია, როგორც დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი. ვიდეო ნამუშევარში ვიზუალური რიგითობა წინასწარ განსაზღვრული არ არის და თვითგენერირებადია. ვიდეო-თამაშის პლატფორმაზე აწყობილი VR გამოცდილება ინტერაქციულია. „მე ვწუხვარ ბაღზე“ მაყურებელს თხრობის მითო-პოეტური ფორმებით მოდელირებულ იმერსიულ გარემოში აქცევს.
პროექტის, „მე ვწუხვარ ბაღზე“ წარმდგენი პლატფორმაა „მდგომარეობებს შორის“, მისი დამფუძნებლების – ვატო ურუშაძის, ხატია ჭოხონელიძის და გიორგი სპანდერაშვილის კურატორობით. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ პროექტს კურატორობას უწევს პლატფორმა, კურატორების ერთობა და არა ცალკეული კურატორი, როგორც აქამდე იყო მიღებული.
„მდგომარეობებს შორის“ – მულტიმედია სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედიახელოვნების, ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და თანამედროვე კულტურის სხვა სინთეზურ მოცემულობებს აერთიანებს. პლატფორმის ფუნქციონირების მთავარ პრინციპს კომპლექსური კურატორული მიდგომა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ახალი გამომსახველობითი და რეპრეზენტაციული ფორმების კვლევას. „მდგომარეობებს შორის“ 2018 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად მართავს ფართო მასშტაბის გამოფენებს, რითაც ხელს უწყობს საქართველოში ახალი მედიახელოვნების განვითარებისთვის კონტექსტის შექმნას“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.