„თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი - თუ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა გვინდა, ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს
„თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი - თუ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა გვინდა, ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს

თუ გვინდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იზრდებოდეს, ჰიდროელექტროსადგურების ე.წ. ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ცოტნე ებრალიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის, „თანაინვესტირების ფონდის“ წლევანდელი მუშაობის შედეგები შეაფასეს. ფონდის ხელმძღვანელი თვლის, რომ 2019 წელი ფონდის ოთხივე ძირითადი საინვესტიციო მიმართულებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება, მრეწველობა და ენერგეტიკა – საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

„ყველამ იცის ჩვენი ბრენდი „პლანტა“, რომლის პროდუქციაც ქართულ სუპერმარკეტებშია წარმოდგენილი. იმ სასათბურე მეურნეობისთვის, რომელიც „პლანტას“ პროდუქციას აწვდის, წარმატებული წელი იყო, რადგან მოსავლიანობის დახლოებით 23 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ამ კომპანიაში ახალი მიგნებები გამოვცადეთ, რამაც მოსავლიანობის გაზრდის საშუალება მოგვცა და ამიტომ ვთვლით, რომ საკმაოდ წარმატებული წელი იყო. თხილის მეურნეობის მიმართულებით სანერგე სამუშაოები დათქმულ ვადებსა და ბიუჯეტში დავასრულეთ, ამიტომ ესეც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს“, – განმარტა ებრალიძემ.

მისი შეფასებით, 2019 წელი ძალიან წარმატებული გამოდგა უძრავი ქონების მიმართულებითაც. ამ კუთხით ფონდის ყველაზე დიდი პროექტი „აქსის თაუერი“ დასკვნით ფაზაზე გადავიდა და 2020 წელს მისი სრულად ამოქმედება იგეგმება. რაც შეეხება „გალერია თბილისს“, სადაც თავიდან მხოლოდ სავაჭრო ფართი ფუნქციონირებდა, წელს 78 ადგილიანი სასტუმრო „რადიუსი“ ამოქმედდა, ხოლო სავაჭრო ფართი სრულად დაიტვირთა.

„გალერია თბილისისთვის“, წარმატებული იყო იმ მხრივ, რომ წელს უკვე გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს 78 ნომრიანი სასტუმრო „რადიუსი“. წელს „გალერია თბილისში“ გაიხსნა საოფისე ფართები და თავად სავაჭრო სივრცე 100 პროცენტიან დატვირთვაზე ავიდა – ყველა ფართი გაქირავებულია და მუშაობს“, – განაცხადა ებრალიძემ.

ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ენერგეტიკის სექტორის და აქ განხორციელებული ინვესტიციების წარმატების მნიშვნელობა.

„ასევე მნიშვნელოვანია ენერგეტიკის მიმართულება, სადაც ახალი პარტნიორი შემოვიყვანეთ – ძალიან მსხვილი კორეული ენერგეტიკული კომაპნია, რომელთანაც მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი და ერთად ვიწყებთ დაახლოებით 200 მეგავატიანი ჰესის განვითარებას. მნიშვნელოვანი წელი იყო ჩვენი 53 მეგავატიანი პროექტისთვის „მტკვარი ჰესისთვის“, რომელიც დაახლოებით 160 მილიონი დოლარი ღირებულებისაა. აქ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ გაკეთდა 10 კილომეტრიანი გვირაბი, რაც ფაქტობრივად ყველაზე გრძელი გვირაბია, რაც კი საქართველოში გაკეთებულა. ამ გვირაბის საექსკავაციო სამუშაოები თითქმის დასრულდა, სულ 300 მეტრამდე დარჩა და იანვარში ვფიქრობთ ამ სამუშაოებს დავასრულებთ და პროექტის დასკვნით ეტაპზე გადავალთ. 2021 წელს უკვე უნდა დასრულდეს „მტკვარი ჰესი“ და ამავე წელს ენერგიაც მივიღოთ. რაც შეეხება ცხენისწყალზე კორეელებთან ერთად გაფორმებულ ხელშეკრულებას, ეს ხანგრძლივი პროცესია და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, სანამ პროექტი საბოლოოდ არ მომზადდება. პროექტის მომზადება და მერე ჰესის გაშვების პროცესი შეიძლება 5-დან 7 წლამდე გაგრძელდეს“, – განაცხადა ებრალიძემ.

ებრალიძის მოსაზრებით, თუ ქვეყანას ეკონომიკის ზრდა სურს, ეს ჰესების მშენებლობის გარეშე რთული იქნება.

„საბოლოო ჯამში ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს. თუ გვინდა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ, ეკონომიკური ზრდა თავისთავში ენერგეტიკაზე მოთხოვნის ზრდასაც გულისხმობს. თუ მოხმარების ზრდას გადავხედავთ ბოლო წლებში ისეთი დინამიკაა, რომ თუ 5-6 წლის წინ ექსპორტზე ვიყავით ორიენტირებული, ძალიან მალე სულ უფრო მეტი იმპორტი მოგვიწევს არა მხოლოდ ზამთრის, არამედ ზაფხულის პერიოდშიც. ენერგეტიკა არ არის ის სფერო, სადაც დღეს ჩადებ ინვესტიციას და ორი წლის მერე შედეგს მიიღებ. ეს სექტორი საკმაოდ გრძელვადიან ინვესტიციებს მოითხოვს. საუბარია 5,6,7 და ზოგჯერ 10 წელზეც. ჩვენ თუ გვინდა 5-6 წლის შემდეგ კარგი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს და თან ენერგოდამოუკიდებლები ვიყოთ, მაშინ ინვესტიციები დღესვე უნდა განვახორციელოთ. სხვა შემთხვევაში მომავალში ძალიან გაგვიჭირდება“, – განუცხადა ცოტნე ებრალიძემ „ბიზნესპარტნიორს“.