ცოტნე ებრალიძე - დღეს ინვესტორები მსოფლიოს მასშტაბით არ არიან მზად ფული საზღვარგარეთ ჩადონ და ეს საქართველოზეც აისახება
ცოტნე ებრალიძე - დღეს ინვესტორები მსოფლიოს მასშტაბით არ არიან მზად ფული საზღვარგარეთ ჩადონ და ეს საქართველოზეც აისახება

მოცემულ ეტაპზე მსოფლიო მასშტაბით ისეთი ტენდენციაა, რომ ინვესტორები არ არიან მზად პირდაპირი ინვესტიციები საზღვარგარეთ განახორციელონ, ვიდრე ეს 2-3 წლის წინ იყო. ეს ტენდენცია საქართველოზეც აისახება, თუმცა რეგიონულ ჭრილში ქვეყანას უკეთესი მდგომარეობა აქვს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ვიდრე უახლოეს სამეზობლოს,- ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ცოტნე ებრალიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის „თანაინვესტირების ფონდის“ წლევანდელი მუშაობის შედეგები შეაფასეს. ფონდის ხელმძღვანელი თვლის, რომ 2019 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ფონდის ოთხივე ძირითადი საინვესტიციო მიმართულებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება, მრეწველობა და ენერგეტიკა.

გადაცემის მსვლელობისას წამყვანი დაინტერესდა, რა იწვევს ბოლო პერიოდში ინვესტიციების კლებას საქართველოში. ებრალიძის მოსაზრებით, ეს საერთაშორისო ტენდენციაა და საქართველო ამ ფონზე რეგიონულ ჭრილში ყველაზე კარგად გამოიყურება.

„საინვესტიციო გარემოს ჯამურ კონტექსტში უნდა შევხედოთ. არ იქნება სწორი, რომ მარტო საქართველოს შევხედოთ, დავინახოთ, რომ კლებაა და ნეგატიური კუთხით განვიხილოთ. მნიშვნელოვანია, ვუყუროთ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით რა ხდება – იზრდება ინვესტიციები თუ არა. ამ ჭრილში თუ განვიხილავთ პროცესს, კი, რა თქმა უნდა, ბოლო ორი წელია, კლება ფიქსირდება, 2018 წელსაც და წელს პირველი სამი კვარტლის მონაცემებითაც 2018 წელთან შედარებით დაახლოებით 17 პროცენტიანი კლება იქნება თუ იგივე ტრენდი გაგრძელდა. მაგრამ თუ ანალოგიურ მაჩვენებლებს რეგიონის გათვალსიწინებით ვნახავთ – რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი – მათ შედარებით მეტი კლება აქვთ, ვიდრე ჩვენ. ანუ რეგიონს თუ შევადარებთ თავს, მაშინ პესიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, რადგან მათზე გაცილებით უკეთესი შედეგები გვაქვს ბოლო 10 ან 5 წლის პერიოდში რომ შევხედოთ. იგივე ითქმის ბოლო ერთ წელზეც. მსოფლიო მასშტაბით რომ შევხედოთ, ისეთი ტენდენციაა, რომ დღესდღეობით ინვესტორები არ არიან მზად, რომ პირდაპირი ინვესტიციები საზღვარგარეთ ჩადონ. დღეს სულ უფრო ნაკლებად არიან მზად ვიდრე 2-3 წლის წინ იყვნენ. ეს ასახვას საქართველოს ეკონომიკაზეც პოულობს“, – განუცხადა ცოტნე ებრალიძემ „ბიზნესპარტნიორს“.