თანაინვესტირების ფონდი - ბიძინა ივანიშვილი გორისა და გლდანის მონაცემთა ცენტრებში წილს არ ფლობს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ტექნოლოგიური კომპანია Bitfury-ისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ეხმაურება ბოლო პერიოდში გარკვეული პოლიტიკოსების უსაფუძვლო განცხადებებს და სურს მოსახლეობას მართებული ინფორმაცია მიაწოდოს.
2014 წელს საქართველოს თანინვესტირების ფონდმა, მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bitfury სასეხო დაფინანსებით უზრუნველყო.
Bitfury-ის საქართველოში შემოსვლამ ხელი შეუწყო ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებას და საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე მოაქცია.
აღნიშნული სესხი კომპანიამ 2015 წელს სრულად დაფარა. შესაბამისად გვინდა მოგახსენოთ, რომ არც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია გორისა და გლდანის მონაცემთა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ.
ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესებული არცერთი პოლიტიკოსი არ დაკავშირებია საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ წმინდა პოლიტიკურ მოტივებს. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებამდე გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე“, – ნათქვამია განცხადებაში.
გორსა და გლდანში მდებარე ობიექტებთან ბიძინა ივანიშვილის კავშირზე, განცხადება ბოლო დღეებში რამდენიმე ოპოზიციური ძალის წარმომადგენელმა გააკეთა.
„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, ივანიშვილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სამომხმარებლო ტარიფზე გაცილებით დაბალ ფასად ხდება.
ამას კომპანია Bitfury-ში უარყოფენ.
კრიპტოვალუტა ბიტკოინის მომპოვებელმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია Bitfury-მ, რომელიც საქართველოში ორ მონაცემთა ცენტრს ფლობს, გუშინ ასევე გაავრცელა განცხადება.
„გვსურს ღიად დავაფიქსიროთ ოფიციალური პოზიცია, რომ კომპანია ბიტფიური, რომელიც უმსხვილესი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა (თითქმის ერთ მლრდ კაპიტალიზიაციით) 2014-2015 წწ “ბიტფიური ჯგუფი” სარგებლობდა სესხით “თანაინვესტირების ფონდიდან”, რომელიც 2015 წელს ჩანაცვლდა “საქართველოს ბანკისგან” (BOG) მიღებული საბანკო სესხით, ვისთანაც დღემდე ვიმყოფებით ფინანსურ-საქმიან ურთიერთობაში“, – ნათქვამია „ბიტფიურის“ განცხადებაში.