„თანაინვესტირების ფონდი“ 2020 წელს პროექტებიდან გამოსვლას დაიწყებს, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ცოტნე ებრალიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის „თანაინვესტირების ფონდის“ წლევანდელი მუშაობის შედეგები შეაფასეს. ფონდის ხელმძღვანელი თვლის, რომ 2019 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ფონდის ოთხივე ძირითადი საინვესტიციო მიმართულებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება, მრეწველობა და ენერგეტიკა. 2020 წელს კი აქცენტი უძრავი ქონების მიმართულებით მიმდინარე პროექტების დასრულებაზე გაკეთდება, მათ შორის პირველ რიგში თავისუფლების მოედანზე მშენებარე სასტუმროს კომპლექსი იქნება.
„რაც შეეხება 2020 წელს, მნიშვნელოვანი იქნება იმ მხრივ, რომ არის რიგი პროექტები უძრავი ქონების მიმართულებით, სადაც გვინდა, რომ სამუშაოები დასრულდეს. პირველ რიგში თავისუფლების მოედანზე მშენებარე სასტუმრო კომპლექსს გამოვყოფდი, რომელიც 2020 წელს გაიხსნება და უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო იქნება, რომლის მსგავსი კლასის მიხედვით საქართველოში არ არსებობს. ეს იქნება „მარიოტის“ ე.წ. „ლაქშერი ქოლექშენის“ (უძრავი ქონების ფუფუნების სეგმენტის მიმართულება) ბრენდის ქვეშ ფუქნციონირებადი სასტუმრო, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება“, – განმარტა ებრალიძემ.
თუმცა ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელის მიხედვით, 2020 წლის პრიორიტეტი დასრულებული პროექტებიდან გამოსვლა და მათი გასხვისება იქნება.
„2020 წლის პრიორიტეტი იქნება ის, რომ პროექტებიდან გამოსვლას დავიწყებთ – ანუ დასრულებას და რეალიზაციას, რადგან თანაინვესტირების ფონდის საბოლოო ამოცანა ის არის, პროექტი დაასრულოს და მერე პოტენციურ ინვესტორზე გაყიდოს, რათა საწყის ეტაპზე მყოფ ინვეტსორებს ფული დაუბრუნოს. საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. უკვე დავიწყეთ პროცესი „გალერია თბილისზე, „აქსის თაუერზე“, „პარაგრაფ შეკვეთილზე“ და დიდია ალბათობა, რომ 2020 წელს რომელიმე პროექტიდან გამოვიდეთ და ინვესტორებს ფული დავუბრუნოთ“, – განუცხადა ცოტნე ებრალიძემ „ბიზნესპარტნიორს“.