თამუნა ლეფსვერიძე - ფეიკნიუსი ადამიანს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს და შეიძლება, ადამიანის სიცოცხლესაც ვეთამაშებოდეთ
ფეიკნიუსი ადამიანს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს და შეიძლება, ადამიანის სიცოცხლესაც ვეთამაშებოდეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, თამუნა ლეფსვერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს რისკი საკუთარი თვალით მინახავს. მაშინ, როდესაც ეთერში „მოდელირებული ქრონიკა“ გადიოდა, კახეთში სტუმრად ვიყავი ერთ-ერთ რესპონდენტთან. იყო საღამო და მოულოდნელად, ამ ადამიანს ურეკავენ. ჩვენ ჯერ არაფერი ვიცოდით, რა ხდებოდა. მას შვილი ჰყავდა ჯარში. უცებ, რთავს ტელევიზორს და უყურებს, როგორ შემოვიდნენ რუსები და ა.შ. მე ვნახე, ადამიანი ფაქტობრივად, როგორ მოკვდა ადგილზე. იმიტომ, რომ იმ წუთებში თავის შვილს ვერ დაუკავშირდა და მას ინფორმაცია არ ჰქონდა“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.
მისი თქმით, უკვე ძალიან ბევრმა იცის, როგორ გადაამოწმოს ინფორმაცია და ვის უნდა ენდოს.
„ფეიკნიუსების წინააღმდეგ უკვე მთელი მსოფლიო იბრძვის და შესაბამისად, ქართული საზოგადოებაც გაიზარდა. უკვე ძალიან ბევრმა იცის, როგორ გადაამოწმოს ინფორმაცია და ვის უნდა ენდოს. ეს ძალიან ბევრმა იცის. მათაც, ვინც აქამდე არ იცოდა. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია, გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე რეიტინგი და პოპულარობა. რეიტინგი, პოპულარობა, სიყვარული და ა.შ მოაქვს ნდობას. შესაბამისად, კარგი პოზიციები უჭირავთ იმ საიტებს, რომლებიც ფეიკინფორმაციებს არ ავრცელებენ და სანდო წყაროები არიან“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა კონკრეტული რეცეპტი, როგორ უნდა გადაამოწმოს ადამიანმა ყალბი ინფორმაცია, თამარ ლეფსვერიძემ განაცხადა, რომ ამის საუკეთესო რეცეპტი არის განათლება.
„განათლება ჟურნალისტიკაში და ზოგადად, საზოგადოებაში. ყველას, ვისაც რაღაც პროფესია აქვს, კალამი და მიკროფონი არ უნდა ეჭიროს. იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. როცა განათლებაზეა საუბარი, აქ უკვე ჯერი სახელმწიფოზეა. ქვეყანას რაც უფრო განათლებული საზოგადოება ჰყავს, მით ნაკლებად ვექცევით ტყუილების გავლენის ქვეშ“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.